შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1755549380
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, შეთანხმება შედგეს მხარეებს შორის. დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში „ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული.
„უკრაინის პრეზიდენტია ჩვენთან ერთად. ჩვენ ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა, ბევრი საუბარი. ვფიქრობ, გვაქვს პროგრესი. მრავალმხრივი, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. ცოტა ხნის წინ, როგორც იცით, შეხვედრა მქონდა რუსეთის პრეზიდენტთან და არის შესაძლებლობა, რომ აქედან რაღაც გამოვიდეს. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, შვიდი ძლიერი ლიდერი გვყავს დღეს ევროპიდან და ჩვენ მათ ამ შეხვედრის შემდეგ შევხვდებით. მადლობა, რომ აქ ხართ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის საკითხზე დასმულ კითხვაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ „ეს გზის ბოლო არ არის“.
„ხალხი იხოცება. გვინდა ამის შეჩერება. ვფიქრობ, ჩვენ კარგი შანსი გვაქვს ამისთვის. უკვე თითქმის ოთხი წელია, გრძელდება. გასულ კვირასაც ბევრი ადამიანი დაიხოცა. მილიონობით ადამიანი დაიხოცა ორივე მხრიდან. ვიცნობ პრეზიდენტ ზელენსკის, ვიცნობ საკუთარ თავს და მიმაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინსაც სურს დასრულება“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, არის თუ არა დღევანდელი შეხვედრა უკრაინისთვის ამერიკული მხარდაჭერის დასასრული, ტრამპმა უპასუხა, რომ ამას ვერასდროს იტყვის.
„არასდროს არის გზის ბოლო. ხალხი კვდება და ჩვენ გვინდა, ეს შევაჩეროთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტმა ამერიკის პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, თუ ვისგან არის მოსალოდნელი ომის დასრულება – პუტინისგან თუ ზელენსკისგან.
„თუ დღეს ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, სამმხრივი შეხვედრა გვექნება… ვფიქრობ, გვექნება ომის დასრულების გონივრული შანსი, როდესაც ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
უკრაინის პრეზიდენტმა კი ჟურნალისტებთან საუბრის დაწყებამდე ტრამპს უკრაინის პირველი ლედის წერილი გადასცა, რომელიც აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპისთვის არის დაწერილი.
„წერილი ჩემმა მეუღლემ, უკრაინის პირველმა ლედიმ გადმომცა. ეს არა თქვენთვის, არამედ თქვენი მეუღლისთვისაა“, – თქვა ზელენსკიმ.