ზელენსკიმ აშშ-თან, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად დელეგაცია დაამტკიცა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-თან, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებაშია აღნიშნული, დელეგაციას ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ანდრე ერმაკი ჩაუდგება სათავეში. უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შევლენ: ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი.

უკრაინული დელეგაციის წევრები აგრეთვე არიან: საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ოლეგ ივაშჩენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, უკრაინის რადის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ევგენი ოსტრიანსკი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ოლექსანდრ პოკლადი და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსანდრ ბევზი.