ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთება გაზაფხულზე დასრულდება

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთება გაზაფხულზე დასრულდება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა, ევროკომისიასთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ნავთობსადენს აღადგენს. მარტში ევროკავშირმა კიევს ფინანსური და ექსპერტული მხარდაჭერა შესთავაზა, რათა უნგრეთსა და სლოვაკეთში „დრუჟბის“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიწოდება აღდგეს.

„თუ ნავთობის მიწოდების შესაძლებლობის სანაცვლოდ ევროპული დაფინანსების საკითხი კვლავ წამოიჭრება, ჩვენ უკვე ვთქვით, როდის შევაკეთებთ ნავთობსადენ „დრუჟბას“. მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ევროპელებს ეკისრებათ. ჩვენ შევაკეთებთ მას, რადგან ასეთია შეთანხმება. მე ვუთხარი მათ, რომ ამას გაზაფხულზე დავასრულებთ. ბევრი რამ უკვე გაკეთდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი ვერ იქნება პასუხისმგებელი ტრანზიტის უსაფრთხოებაზე, თუ რუსეთი ნავთობსადენის ობიექტებზე თავდასხმებს კვლავ განახორციელებს. მისი თქმით, განადგურებული რეზერვუარების სწრაფად შეკეთება შეუძლებელია.

რაც შეეხება უნგრეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მეზობელი ქვეყნის საარჩევნო პროცესში არ ერევა.