ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის მასშტაბური რეფორმა დააანონსა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არმიის მასშტაბურ რეფორმას აანონსებს, რომელიც ივნისიდან ამოქმედდება.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რეფორმა მიზნად ისახავს ქვეითი ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესებას.

2022 წლიდან მობილიზებულ ჯარისკაცებს სამსახურის დასრულების კონკრეტული თარიღი არ აქვთ განსაზღვრული, აღნიშნული რეფორმა კი, პირველად შექმნის სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ ასეთ ჯარისკაცებს სამსახურიდან წასვლის საშუალება მიეცეთ.

რეფორმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ანაზღაურების გაზრდას, ქვეითი ჯარისკაცებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას, სამსახურის ვადების განსაზღვრას.

„სამხედრო პერსონალის ანაზღაურება გაიზრდება. უკანა პოზიციებზე — თვეში, სულ მცირე, 30 000 გრივნა, საბრძოლო პოზიციებზე – მნიშვნელოვნად მეტი. საბრძოლო მეთაურების ანაზღაურებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. რეფორმის მეორე მიმართულება ქვეით ჯარისკაცებს ეხება. ყველაფერი მათ მხრებზე გადის. საკონტაქტო ხაზზე მყოფი ქვეითი ჯარისკაცები საუკეთესო პირობებით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი — ანაზღაურების ჩათვლით. მესამე მიმართულება სამსახურის ვადებს ეხება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეთიკური საკითხია. განახლებული საკონტრაქტო სისტემა საშუალებას მოგვცემს, რომ დიდი ხნის წინ მობილიზებული  სამხედროები სამსახურიდან გათავისუფლდნენ. მაისში რეფორმის ყველა ასპექტი უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.