ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ტერიტორიების საკითხი უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, ტერიტორიების დათმობის საკითხი უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ უკრაინელი ხალხი ამ კითხვას პასუხს გასცემს. იქნება ეს არჩევნებით თუ რეფერენდუმით, უკრაინელმა ხალხმა უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ს გადაუგზავნეს სამშვიდობო გეგმის ახალი ვერსია. მისი თქმით, აშშ დაჟინებით ითხოვს დარეგულირების ფარგლებში დემილიტარიზებული „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნას რუსეთისა და უკრაინის ძალებს შორის უკრაინის აღმოსავლეთში.

„ისინი ასე ხედავენ, რომ უკრაინული ჯარები ტოვებენ დონეცკის ოლქის ტერიტორიას. სავარაუდო კომპრომისი კი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის ჯარი ამ ტერიტორიაზე არ შედის. ვინ მართავს ამ ტერიტორიას, რომელსაც ისინი „თავისუფალ ეკონომიკურ ზონას“ ან „დემილიტარიზებულ ზონას“ ეძახიან, მათ არ იციან“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

ამ გეგმის თანახმად, რუსეთი არ იქნება ვალდებული, დონეცკის ოლქიდან, ან ხერსონიდან, ან ზაპოროჟიედან, დნეპროპეტროვსკიდან ან სუმის ოლქიდან ჯარები გაიყვანოს. უკრაინის ლიდერის თქმით, დონეცკის ოლქის მომავალი სტატუსი და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის თემა წარმოადგენს ორ გადამწყვეტ სადავო საკითხს ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში.

„ეს არის ორი თემა, რომელთა განხილვასაც ვაგრძელებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.