ვიქტორ ორბანი: უნგრეთი სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს. პოლონეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიუღებელია

 ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი ქვეყანა პოლონეთს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრის ფონზე სოლიდარობას უცხადებს.

„უნგრეთი ახლახან მომხდარი დრონების ინციდენტის კვალობაზე პოლონეთს გვერდში უდგას. პოლონეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიუღებელია. ინციდენტი ამტკიცებს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების შესახებ საფუძვლიანი და რაციონალურია. ომის ჩრდილში ცხოვრება რისკებითა და საფრთხეებითაა აღსავსე. დროა, ეს დავასრულოთ!“, - დაწერა ორბანმა.

როგორც უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ დასძინა, ის მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მცდელობას, შეაჩეროს ომი და მიაღწიოს მშვიდობას.