ვიქტორ ორბანი: დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის მზადება გრძელდება, თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტში ტრამპისა და პუტინის შეხვედრისთვის მზადება კვლავ გრძელდება.

„უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ახლა ვაშინგტონშია. სამშვიდობო სამიტის მომზადება გრძელდება. თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია. როცა დრო დადგება, ჩავატარებთ მას“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ბუდაპეშტში შეხვდებოდა. შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. დონალდ ტრამპმა ბოლოს აღნიშნა, რომ არ სურს უშედეგო შეხვედრა და დროის ფუჭად კარგვა, თუმცა, მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.