ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ დღეს გამოსავალი, არ დავტოვებთ ევროპული საბჭოს სხდომას, ვიდრე უკრაინის მომავალი ორი წლის განმავლობაში დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას არ მივიღებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერები არ დატოვებენ ევროპული საბჭოს დღევანდელ სხდომას, ვიდრე უკრაინის მომავალი ორი წლის დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ დღეს გამოსავალი. საბჭოს პრეზიდენტმა თქვა და მე მას მხარს ვუჭერ, რომ ჩვენ არ დავტოვებთ ევროპული საბჭოს სხდომას მომავალი ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსების გადაწყვეტილების გარეშე. ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა იქნას შეთანხმებული ევროპულ საბჭოში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სამიტზე იქნება ინტენსიური დისკუსია.

„ევროპული საბჭოს ეს სხდომა გადამწყვეტ დროს იმართება. ამ სხდომაზე ჩვენ გვაქვს ერთი მთავარი მიზანი – მშვიდობა უკრაინისთვის, მშვიდობა სიძლიერის გზით და ამისთვის უკრაინას სჭირდება მომავალი ორი წლის დაფინანსების უზრუნველყოფა. კარგია, რომ ევროპულმა საბჭომ წინაზე აიღო თავის თავზე ვალდებულება, დაფაროს დაფინანსების დეფიციტი უკრაინისთვის, მომავალი ორი წლისთვის. საუბარია 137 მილიარდ ევროზე, რომელიც აუცილებელია. ეს არის ჩვენი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება და ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, დავფაროთ ამის ორი მესამედი, 90 მილიარდი ევრო. აღნიშნული დაფინანსებისთვის გავაკეთე ორი შეთავაზება, წარვადგინე ორი ვარიანტი. პირველი არის ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსება სესხებით. და მეორე ვარიანტი არის რეპარაციული კრედიტი. დღეს ჩვენ გვექნება განხილვა, ამ ორიდან რომელ ვარიანტს გამოვიყენებთ. იქნება ინტენსიური დისკუსიები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღის ბოლოს უზრუნველყოფილი გვქონდეს უკრაინისთვის დაფინანსება მომავალი ორი წლისთვის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის სავსებით გასაგებია ბელგიის შეშფოთება და წუხილი რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით.

„სრულად ვუჭერ მხარს ბელგიას იმაში, რომ ის ითხოვს თავისი შეშფოთებისა და წუხილის გათვალისწინებას. ჩვენ ბელგიასთან დღე და ღამე ვმუშაობთ და მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს მისი პირადი ჩართულობისთვის. ეს აბსოლუტურად გასაგებია და მხარს ვუჭერ იმას, რომ რეპარაციულ კრედიტზე გადაწყვეტილებას თუ მივიღებთ, რისკი ყველა ჩვენგანმა უნდა გაიზიაროს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა სამიტის დაწყებამდე.

ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, დღეს სამიტზე ასევე განიხილება გეოეკონომიკა და ევროკავშირის კონკურენტუნარიანობა.

„ცხადია, ჩვენი ზედმეტი დამოკიდებულება კონკურენტუნარიანობისთვის დაბრკოლებაა. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ზედმეტი დამოკიდებულებისგან. ეს მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ქსელის მეშვეობით არის შესაძლებელი და ამიტომ, „მერსკოსური“ ცენტრალურ როლს ასრულებს ჩვენს სავაჭრო შეთანხმებებში. ეს არის პოტენციურად 700 მილიონი მომხმარებლის ბაზარი“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.