უკრაინული მედია: ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა უნგრეთის მიერ გადაწყვეტილების ბლოკირების გამო ვერ შეძლო უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცება

ევროკავშირი

ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა (COELA) უნგრეთის მიერ გადაწყვეტილების უწყვეტი ბლოკირების გამო ისევ ვერ შეძლო უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Європейська правда წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროპელმა დიპლომატებმა ვერ შეძლეს უნგრეთის დარწმუნება, დათანხმებოდა უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნას.

„წევრ სახელმწიფოებს პოზიციები არ შეუცვლიათ, უნგრეთი არ თანხმდება უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნისკენ შემდგომ წინსვლას“, - განაცხადა გამოცემას ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

ასევე დაბლოკილია კლასტერების გახსნა მოლდოვისთვისაც, თუმცა უნგრეთი ჯერ კიდევ 2026 წლის ივლისში აცხადებდა, რომ მზად იყო დაემტკიცებინა მოლდოვისთვის მე-3 კლასტერის სკრინინგის შედეგები, მაგრამ სხვა სახელმწიფოები ჯერჯერობით არ დათანხმდნენ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში მოლდოვისა და უკრაინის განცალკევებას.

უნგრეთს უკრაინისთვის ახალი კლასტერების გახსნის მიზნით თავისი მოთხოვნები ჯერ კიდევ არ უცნობებია.

1-ელ სექტემბერს უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე - იგი უკრაინისგან უნგრულ უმცირესობასთან დაკავშირებით გარკვეული საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა.