1776887506
უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ირანში ომის დასრულებას ვერ დაელოდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ირანში ომის დასრულებას ვერ დაელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ირანში მიმდინარე ომმა საერთაშორისო ყურადღება დროებით გადაიტანა რუსეთის აგრესიიდან, თუმცა უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები ვერ გადაიდება იქამდე, ვიდრე ირანის კონფლიქტი დასრულდება.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან ტექნიკური მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას ვერ ხედავს.
„ვერ ვხედავ შეხვედრის შესაძლებლობას, ვიდრე ირანის საკითხი არ დაიხურება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა გამოწვევად შეაფასა ისიც, რომ იგივე ამერიკელ მომლაპარაკებელთა გუნდი მუშაობს როგორც ირანის, ისე უკრაინის მიმართულებით. მისი თქმით, აშშ ამჟამად ირანზეა კონცენტრირებული, თუმცა უკრაინა არ უნდა იყოს დავიწყებული.
„არ შეიძლება, ითქვას, რომ უკრაინაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. უკრაინა უკვე ასეთ დიდ ტრაგედიაშია და უნდა ვიპოვოთ გზა, რომ ეს საკითხები პარალელურად ვმართოთ”,- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდების შეფერხებაზეც. მისი თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია ანტიბალისტიკური რაკეტების დეფიციტი, რადგან აშშ-ში მათი წარმოების შესაძლებლობები შეზღუდულია.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ევროკავშირის მიერ დამტკიცებული 90 მილიარდი ევროს სესხი უკრაინისთვის „სიცოცხლისა და გადარჩენის საკითხია“.
„ეს ნამდვილად ჩვენი სიცოცხლის, გადარჩენისა და თავდაცვის საკითხია. ეს თანხა ძალიან გვჭირდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო უკრაინა ვერ იყენებს საკუთარი სამხედრო წარმოების სრულ პოტენციალს. მაგალითად, დრონების ჩამომგდები სისტემების წარმოება – უკრაინა ამჟამად დღეში დაახლოებით 1000 ერთეულს აწარმოებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეში 2000 ერთეულის წარმოების შესაძლებლობა აქვს.












