უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროებს რუსეთი კანონიერ სამხედრო სამიზნეებად განიხილავს - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „მსურველთა კოალიციის“ მიერ მიღებული დეკლარაცია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკიდურესად შორს დგას მშვიდობიანი დარეგულირებისგან და უკრაინაში განთავსებულ დასავლეთის ქვეყნების სამხედროებს რუსეთი „კანონიერ სამხედრო სამიზნეებად“ განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაში.

ცნობისთვის, 6 იანვარს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ მონაწილეებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ზახაროვას თქმით, „დოკუმენტი უკიდურესად შორს არის მშვიდობიანი დარეგულირებისგან“.

„ის მიმართულია არა მყარი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევისკენ, არამედ მილიტარიზაციის გაგრძელებისკენ, ესკალაციისა და კონფლიქტის გაფართოებისკენ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, უკრაინაში დასავლეთის ჯარებისა და სამხედრო ობიექტების განთავსება ინტერვენციად იქნება აღქმული, რომელიც უსაფრთხოებას ემუქრება, ხოლო უკრაინაში განთავსებული დასავლეთის ქვედანაყოფები და სამხედრო ობიექტები „კანონიერ სამხედრო სამიზნეებად“ ჩაითვლება.

ზახაროვამ დაამატა, რომ დასავლეთისა და უკრაინის გეგმები სულ უფრო სახიფათო და დამანგრეველი ხდება ევროპისა და მისი მოსახლეობის მომავლისთვის.