უკრაინამ რუსეთი სამდღიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა

დრონი

უკრაინამ ზავის დროს განხორციელებული რუსული დარტყმის შესახებ განაცხადა: ხარკოვს უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს. როგორც ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა 9 მაისს საღამოს განაცხადა, დრონები ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ სართულს მოხვდა. დაშავდა 5 ადამიანი.

დრონებით დარტყმების შესახებ ასევე განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე განჟამ. მისი თქმით, შეტევა ოლქის ორ რაიონს შეეხო. სინელნიკოვოს რაიონში დაშავდა სამი წლის გოგონა, რომელიც საშუალო სიმძიმის მდგომარეობით ჰოსპიტალიზებულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ შუაღამიდან რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 27 დრონი გაუშვა, მათ შორის „შაჰედის“ ტიპის დამრტყმელი დრონები. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ყველა მათგანი ჩამოაგდეს და ნგრევა არ დაფიქსირებულა. დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხარკოვზე დარტყმა ამ მონაცემებში არ შესულა.

გამარჯვების დღის აღსანიშნავად სამდღიანი ზავის შესახებ 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. რუსეთმა და უკრაინამ 9, 10 და 11 მაისს ცეცხლის შეწყვეტა დაადასტურეს.