1746733863
უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა დანებებისთვის - უკრაინის ეკონომიკის მინისტრი

უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა დანებებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სვირიდენკომ აღნიშნა, უკრაინა არ დაეთანხმება შეთანხმებას, რომელიც რუსეთს მისცემს შესაძლებლობას „მეტი ძალადობით დაბრუნდეს“.
„დღეს, როდესაც უკრაინის დელეგაცია პარტნიორებს ხვდება ლონდონში, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას: უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა დანებებისთვის“, – წერს სვირიდენკო.
უკრაინის ეკონომიკის მინისტრის თქმით, სრული ცეცხლის შეწყვეტა ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე არის აუცილებელი პირველი ნაბიჯი და თუ რუსეთი შეზღუდულ პაუზას აირჩევს, უკრაინა იგივეთი უპასუხებს.
„ჩვენი ხალხი არ მიიღებს გაყინულ კონფლიქტს, რომელიც შენიღბულია მშვიდობად. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ყირიმის ოკუპაციას. და თუ ნატო-ში გაწევრიანება არ იქნება უზრუნველყოფილი, უკრაინა მოითხოვს უსაფრთხოების სავალდებულო გარანტიებს – საკმარისად ძლიერს, რომ შეაკავოს მომავალი აგრესია და საკმარისად მკაფიოს, რომ უზრუნველყოს მყარი მშვიდობა“, – წერს სვირიდენკო.
შეგახსენებთ, ამჟამად ლონდონში უკრაინის, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. დაგეგმილი იყო აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, თუმცა ბრიტანული მხარის ცნობით, შეხვედრა გადაიდო.