უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს

გაერო

უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

სიბიგას თქმით, უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2027-2029 წლებისთვის აირჩიეს.

სიბიგამ მადლობა გადაუხადა გაეროს წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც უკრაინის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

„უკრაინა საბჭოს უერთდება მაშინ, როდესაც აგრძელებს საკუთარი ხალხისა და სუვერენიტეტის დაცვას რუსეთის აგრესიისგან, რამაც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები გამოიწვია“, – აღნიშნა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საბჭოს წევრობის პერიოდში ქვეყნის პრიორიტეტი რუსეთის მიერ ჩადენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, მათი დოკუმენტირება, გამოძიების საერთაშორისო მექანიზმების მხარდაჭერა და სამხედრო ტყვეების დაცვა იქნება. უკრაინა ასევე გააგრძელებს ძალისხმევას დეპორტირებული და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად.

„საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმების გასაძლიერებლად, ადამიანის ღირსების დასაცავად, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სისტემის გასამყარებლად და მთელ მსოფლიოში ამ სფეროში წარმოქმნილ ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა სიბიგამ.

✕