1755268963
უახლოესი დღეები გვიჩვენებს, ევროპის გავლენიანი მოთამაშეები კონფლიქტის სწრაფად დასრულებას დაუჭერენ მხარს, თუ გააგრძელებენ რუსეთის დასუსტებისკენ მიმართულ უშედეგო პოლიტიკას - რობერტ ფიცო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ალასკაზე შეხვედრას ეხმიანება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც.
ფიცოს თქმით, ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა მისასალმებელია იმ კუთხით, რომ სამიტზე ჯო ბაიდენისა და ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებული ხედვა დაფიქსირდა.
სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომს თავისი ფესვები აქვს და უსაფრთხოების გარანტიები არამხოლოდ უკრაინამ, არამედ რუსეთმაც უნდა მიიღოს.
როგორც ფიცომ აღნიშნა, მიმდინარე პროცესები სერიოზული გამოცდის წინაშე აყენებს ევროკავშირს და უახლოესი დღეები გამოაჩენს, ბრიუსელი კონფლიქტის დასრულებას დაუჭერს მხარს თუ კიევის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის უშედეგო პოლიტიკას განაგრძობს.
„ყველაზე მთავარი პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრაში სწორედ მათი შეხვედრა იყო. პოლიტიკოსები აუცილებლად უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს, პატივისცემას უნდა გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ და ერთმანეთს უნდა უგებდნენ. ამ სამიტმა კონფლიქტის შავ-თეთრი ხედვა შეცვალა, ომის შესახებ თავს მოხვეული საერთო ხედვა, რომელსაც მხარს უჭერდა ბაიდენის ადმინისტრაცია, და ახლა მხარს უჭერენ გავლენიანი ევროპელი მოთამაშეები. უკრაინაში ომს თავისი ისტორიული ფესვები აქვს, და ამიტომ საუბარი უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვისაც. სამიტმა კიდევ ერთხელ დაანახა ევროპელ ლიდერებს და ჩვენს ოპოზიციას, რომელსაც რუსეთთან ახალი რკინის ფარდის ჩამოფარება სურს, რომ საჭიროა არა სანქციები და ზეწოლა რუსეთზე, არამედ კონსტრუქციული დიალოგი. დღევანდელი პროცესები ერთგვარი გამოცდაა ევროკავშირისთვის. უახლოესი დღეები გვიჩვენებს, ევროპის გავლენიანი მოთამაშეები კონფლიქტის სწრაფად დასრულებას დაუჭერენ მხარს, თუ გააგრძელებენ რუსეთის დასუსტებისკენ მიმართულ უშედეგო პოლიტიკას“, - აღნიშნა ფიცომ საკუთარ ვიდეომიმართვაში.