თურქი პროკურორები სტამბულის მერისთვის 2000-წლიან პატიმრობას ითხოვენ

უცხოეთი

სტამბოლის ყოფილ მერს, ექრემ იმამოღლუს, 2000 წელზე მეტი ხნით პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა თურქ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კორუფციული ქსელის შექმნაში ადანაშაულებს.

ის პრეზიდენტ ერდოანის მთავარ მეტოქედ ითვლება. მისი პარტია, CHP (Cumhuriyet Halk Partisi - რესპუბლიკური სახალხო პარტია), ასევე პროკურატურის სამიზნეა.

ბრალდების მხარემ ასევე განაცხადა, რომ ექრემ იმამოღლუმ თურქეთის სახელმწიფოს მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, საქმეში 142 ბრალდებაა, რაც, ჯამში, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2000 წელზე მეტი ხნით.

იმამოღლუ ერდოანის მთავარი პოლიტიკური მეტოქეა და ითვლება ერთადერთ პოლიტიკოსად, რომელსაც არჩევნებში მისი დამარცხება შეუძლია. მარტში მისმა დაპატიმრებამ თურქეთში 2013 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური არეულობის ტალღა გამოიწვია.