წყვილმა განქორწინება მოითხოვა, რადგან შვილის სახელის შერჩევაზე ვერ შეთანხმდნენ (უცხოეთი)

ganqorwineba

შანხაიში, სასამართლომ განიხილა განქორწინების საქმე, რომელსაც უცნაური მიზეზი ჰქონდა. წყვილმა 2023 წელს იქორწინა, მომდევნო წელს კი ბიჭი შეეძინა.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რადგან მათ ბავშვისთვის სახელის შერჩევა ვერ შეძლეს. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ისინი ცალ-ცალკე მივიდნენ საავადმყოფოში, რათა ბავშვისთვის სასურველი სახელი დაერქმიათ, მაგრამ ორივე მცდელობა რეგულაციების შეუსრულებლობის გამო უარყოფილი იქნა.

როგორც ცნობილია, ჩინეთში ბავშვის სახელს ერთი წლის შემდეგ არეგისტრირებენ.

„ბავშვი ერთ წელზე მეტისაა, მაგრამ მას დაბადების მოწმობაც კი არ აქვს. მას არ შეუძლია ოჯახის რეგისტრაცია და ვაქცინაციაც კი რთულია“, - აღნიშნა საქმის თავმჯდომარე მოსამართლემ.

სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაბადების სამედიცინო მოწმობა ახალშობილისთვის იურიდიული ვინაობის მოპოვების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. თუ მშობლები პირადი კონფლიქტების გამო აჭიანურებენ სახელის დარქმევას, ეს წარმოადგენს არასრულწლოვნის პირადი უფლებების დარღვევას და ორივე მშობელს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

მცირეწლოვანი ბავშვის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, სასამართლომ გამოსცა სპეციალური „ არასრულწლოვან ბავშვებზე ზრუნვის შესახებ შეტყობინება “, რომელიც ორივე მშობელს ავალდებულებდა თანამშრომლობას დაბადების მოწმობის მიღებაში განსაზღვრულ ვადაში. მედიაციის განმეორებითი მცდელობის შემდეგ, გადაწყდა, რომ დაბადების მოწმობის ორიგინალი დროებით სასამართლოს უნდა შეენახა, სანამ დედას გადაეცემოდა, რათა მას შეძლებოდა სავალდებულო ოჯახის რეგისტრაციის პროცესის წარმართვა.

ეს უჩვეულო განქორწინების საქმე ჩინურ სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა.

„ასეთ წყვილებს შვილები არ უნდა ჰყავდეთ“; „ისინი უბრალოდ უსაქმურები არიან“,- დაწერეს სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა.