საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
1752176870
CNN-ის ინფორმაციით, ინდოეთში, აფრენის შემდეგ რამდენიმე წამში ჩამოვარდნილი Air India-ს თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი საწვავის მიწოდების შეწყვეტა გახდა - ამის შესახებ ინდოეთის ავიაკატასტროფების გამოძიების ბიუროს წინასწარ ანგარიშშია აღნიშნული.
ლონდონისკენ გამავალი Boeing 787, რომელშიც 242 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, აფრენიდან მალევე ავარიულად დაეშვა და სამედიცინო კოლეჯის სტუდენტურ საცხოვრებელს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 260 ადამიანი - მათ შორის, ბორტზე მყოფთა უმეტესობა და შენობაში მყოფი რამდენიმე მოქალაქე. კატასტროფას მხოლოდ ერთი მგზავრი გადაურჩა.
გამოძიების ფარგლებში გაიშიფრა თვითმფრინავის "შავი ყუთის" მონაცემები - მათ შორის, ბოლო 49 საათის ფრენის მონაცემები და 2 საათიანი აუდიოჩანაწერი პილოტების კაბინიდან. ჩანაწერში, ერთ-ერთი პილოტი ეკითხება მეორეს, თუ რატომ გათიშა საწვავის მიწოდება, რაზეც ის პასუხობს, რომ არ გაუკეთებია.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ ორივე ძრავისთვის საწვავის მიწოდება მაშინ შეწყდა, როცა პილოტების კაბინაში საწვავის საკონტროლო ჩამრთველები შემთხვევით გადაიწია პოზიციიდან RUN, პოზიციაზე CUTOFF - ერთმანეთის მიყოლებით, ერთწამიანი ინტერვალით.
საწვავის ხელახლა მიწოდების მცდელობისას, ძრავებმა ამუშავება დაიწყეს, მაგრამ თვითმფრინავმა სიმაღლის აღება ვეღარ მოასწრო. ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე, ჩანაწერში ისმის ერთ-ერთი პილოტის საგანგაშო სიგნალი: "MAYDAY, MAYDAY, MAYDAY."
ანგარიშის მიხედვით, თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული იყო: საწვავი ხარისხიანი იყო, გადაჭარბებული დატვირთვა არ ჰქონია და ფრინველებთან შეჯახებაც არ დაფიქსირებულა. ბორტზე არც სახიფათო ტვირთი აღმოჩნდა.
კომპანია Air India-მ უკვე დაადასტურა, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მწუხარებას გამოთქვამს დაღუპულთა ოჯახების წინაშე.
წყარო: CNN