„წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საზოგადოება“ - უკრაინაში გენერატორების საგანგებო მარაგის ამოწურვის ფონზე ბავშვები ჰიპოთერმიის საფრთხის წინაშე არიან

უკრაინაში

უკრაინაში ბავშვები ჰიპოთერმიის საფრთხის წინაშე დგანან, რადგან რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ გენერატორების საგანგებო მარაგი ამოიწურა, – ამის შესახებ ინფორმაციას „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, არაერთი ოჯახი კიევის დროებით დატოვებას ფიქრობს.

„გათბობის გარეშე ადამიანები ჰიპოთერმიის, მოყინვისა და რესპირატორული დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ არიან. ბინებში ცხოვრება გაუსაძლისია გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე. ოჯახები ქალაქის დატოვებაზე ფიქრობენ“, – განაცხადა „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ხაიმე ვაჰმა.

UNICEF-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეოთხე წლის მოახლოებასთან ერთად, ელექტროენერგიით მომარაგება და გათბობა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

„ბავშვები და ოჯახები მუდმივად გადარჩენის რეჟიმში არიან“, – განაცხადა UNICEF-ის წარმომადგენელმა უკრაინაში, მუნირ მამაზადემ.

მისივე თქმით, წელს უკრაინაში ცივი ზამთარია და ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მინუს 18 გრადუსამდე ეცემა. მუნირ მამაზადემის თქმით, ზოგიერთი ოჯახი ფანჯრებს რბილი სათამაშოებითა და ნივთებით ავსებს, რათა ყინვაში თავი დაიცვან.

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 იანვარს ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას, მაქსიმუმ, 20 დღის სამყოფი საწვავის მარაგი აქვს.