ტრამპმა ირანზე დარტყმების შეჩერების შესახებ განაცხადა

ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმები გააუქმა, იმ პირობით, თუ ამ ქვეყანასთან შეთანხმება „სწრაფად“ მიიღწევა.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა დაწერა, რომ მიიღო გადაწყვეტილება „შეტევის გაუქმების შესახებ, იმ პირობით, თუ შესაძლებელი იქნება შეთანხმების სწრაფად დადება“, რაც მოიცავს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნასა და „ირანის მხრიდან ბირთვული საფრთხის“ დასრულებას. ტრამპის თქმით, ეს გადაწყვეტილება ისრაელთან ერთად იყო მიღებული.

განცხადება ამერიკული მედიის იმ ცნობების ფონზე გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი უქმეებზე ირანზე ახალი, ინტენსიური დარტყმების განხორციელებას გეგმავდა. უფრო ადრე თეირანმა აშშ დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ნებისმიერი რეგიონული სახელმწიფო, რომელიც ვაშინგტონთან ითანამშრომლებს, „ომის ცეცხლში გაეხვევა“.

პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია და მზადაა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იმოქმედოს სამხედრო შიშის, ძალისა და სიმძლავრის ისეთი მასშტაბით, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს“.

თუმცა დასძინა, რომ დარტყმები მას შემდეგ გააუქმა, რაც ირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა „სთხოვეს“, შეეკავებინა თავი ნებისმიერი შეტევისგან, რათა შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა მიეცეთ.

მისი თქმით, შეთანხმებისკენ პროგრესი უკვე სახეზეა და მისი ჩარჩოები უკვე შეთანხმებულია.

„ეს მოიცავს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ, სრულ და საბოლოო გახსნას და ირანის ბირთვული საფრთხის დასრულებას“, - დაწერა მან.