ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ამერიკის საფინანსო სისტემას პოლიტიკური ან რელიგიური ნიშნით ამერიკელებისთვის საბანკო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვა აუკრძალა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ამერიკის საფინანსო სისტემას პოლიტიკური ან რელიგიური ნიშნით ამერიკელებისთვის საბანკო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვას უკრძალავს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ტრამპის ბრძანება ავალდებულებს ფედერალურ ბანკებს, აქტის გამოქვეყნებიდან 180 დღეში ამოიღონ საკუთარი წესდებიდან დებულება „რეპუტაციული რისკის შესახებ“, აღადგინონ კლიენტების მომსახურება, რომლებსაც არამართლზომიერად დაუხურეს საბანკო ანგარიშები, გამოიძიოს წარსულში განხორციელებული დისკრიმინაციული პრაქტიკა და რელიგიური მოტივით გამოცხადებული უარი გენერალურ პროკურორს გაუგზავნონ.

„შეერთებული შტატების პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ არცერთ ამერიკელს არ უნდა შეეზღუდოს წვდომა ფინანსურ მომსახურებაზე მისი კონსტიტუციურად ან კანონიერად დაცული მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებების გამო, რათა საბანკო ოპერაციების პოლიტიზებული ან უკანონო შეჩერება არ იყოს გამოყენებული ასეთი მრწამსის ან პოლიტიკური ხედვის ჩახშობის ინსტრუმენტად. საბანკო მომსახურების გაწევის გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ინდივიდუალური, ობიექტური და სხვადასხვა რისკის შეფასების ანალიზის საფუძველზე“, - წერია ბრძანების ტექსტში.

ბრძანების გამოქვეყნებიდან 180 დღეში აშშ-ის ხაზინის მდივანმა ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწესთან ერთად უნდა შეიმუშაოს ყოვლისმომცველი სტრატეგია საბანკო მომსახურების პოლიტიზებულ ან უკანონო საქმიანობასთან ბრძოლის შესახებ.

გარდა ამისა, ბრძანების ტექსტის გამოქვეყნებიდან 120 დღეში თითოეულმა ფედერალურმა საბანკო რეგულატორმა უნდა ჩაატაროს მოკვლევა, მათი იურისდიქციის ქვეშ მოქცეულ ფინანსურ დაწესებულებებში წარსული ან მიმდინარე ფორმალური ან არაფორმალური პრაქტიკების გამოვლენის მიზნით.