ხანძარი თბილისში - არის მსხვერპლი
1758364534
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გავრცელებული ცნობებით უკმაყოფილება გამოთქვა.
თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ მომხდარის დეტალებს მას მალე მოახსენებდნენ. აშშ-ის ლიდერს ასევე ჰკითხეს, ხედავდა თუ არა რუსული თვითმფრინავების შეჭრაში საფრთხეს ნატოსთვის.
„ეს არ მომწონს. არ მომწონს, როდესაც ასე ხდება. შეიძლება დიდი პრობლემები შეიქმნას“, - უპასუხა მან.
19 სექტემბერს სამმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნატოს წევრი ესტონეთის საჰაერო სივრცე 12 წუთის განმავლობაში დაარღვია. ესტონეთის მთავრობის განცხადებით, ეს „უპრეცედენტოდ თავხედური“ ინციდენტი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მზარდი დაძაბულობის ფონზე მოხდა.
თავის მხრივ, რუსეთი ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს უარყოფს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ 3 გამანადგურებელი კარელიიდან კალინინგრადის ოლქში „გეგმურ გადაფრენას“ ასრულებდა.