ტრამპი: ირანი კითხულობს, შესაძლებელია თუ არა სანქციების მოხსნა, მზად ვარ, მათ მოვუსმინო, ვნახოთ, რა გამოვა, ღია ვარ ამისთვის

ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი კითხულობს, შესაძლებელია თუ არა, მათ წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების მოხსნა.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

„ირანი კითხულობს, შესაძლებელია თუ არა სანქციების მოხსნა. ირანს ძალიან მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული. მზად ვარ, მოვუსმინო, ვნახოთ, რა გამოვა, მე ღია ვარ ამისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გაერო-ში, ირანის დიპლომატიურ მისიას, „როიტერის“ კითხვაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში, ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებდა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა შეუძლებელია, რადგან ვაშინგტონი აგრძელებს ისრაელის მხარდაჭერა, ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს და ერევა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.

თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაახლა ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია, რაც ძირითადად, მიმართული იყო ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარების პრევენციაზე. აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები მიმდინარე წლის ივნისში დაბომბა.

ორ ქვეყანას შორის, ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების ხუთი რაუნდი შედგა, ვიდრე ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომი დაიწყებოდა. თუმცა, ამ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია.