ტრამპი: ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა აშკარად აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ გააკრიტიკა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters.

მისი თქმით, „სამწუხაროა იმის ნახვა“, თუ როგორ ფუჭდება „განსაკუთრებული ურთიერთობა“ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა თავდაპირველად თავი შეიკავა ირანზე ამერიკის იერიშების მხარდაჭერისგან.

სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა მონაწილეობა არ მიიღო ამერიკისა და ისრაელის მიერ თეირანზე განხორციელებულ იერიშში, რადგან ნებისმიერ ბრიტანულ სამხედრო მოქმედებას უნდა ჰქონდეს „სიცოცხლისუნარიანი, გააზრებული გეგმა“, თავად კი არ სჯერა „რეჟიმის ცვლილების საჰაერო დარტყმების გზით“.

თუმცა, მას შემდეგ მან ნება დართო აშშ-ს, გამოეყენებინა ბრიტანული ბაზები იმ დარტყმების განსახორციელებლად, რომელთაც მან „შეზღუდული და თავდაცვითი“ უწოდა თეირანის შესაძლებლობების შესასუსტებლად - მას შემდეგ, რაც ირანმა რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებზე დრონებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში.

ორშაბათს, კვიპროსზე მდებარე ბრიტანულ ბაზას დრონი დაეცა, რომელიც, კვიპროსელი ოფიციალური პირების განცხადებით, სავარაუდოდ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ გაუშვა.

ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანზე დასარტყმელად ბრიტანეთის მხარდაჭერა არ სჭირდებოდა, თუმცა აღნიშნა, რომ დაყოვნება იმედგამაცრუებელი იყო.

„ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ეს ურთიერთობა აშკარად აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო“, - განუცხადა ტრამპმა გაზეთ The Sun-ს.