ტრამპი ბრიტანეთის პრემიერზე: ბრიტანეთით კმაყოფილი არ ვარ - ეს არ არის უინსტონ ჩერჩილი, ვისთანაც საქმე გვაქვს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიმართ. კრიტიკის მიზეზი ლონდონის პოზიცია გახდა - ბრიტანეთი არ შეუერთდა აშშ-ისრაელის ერთობლივ იერიშს ირანზე, თუმცა ამერიკულ ძალებს ბრიტანული ბაზების გამოყენების უფლება მისცა.

„ბრიტანეთით კმაყოფილი არ ვარ“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლოგისტიკურ სირთულეებს, რომლებიც მოკავშირის ყოყმანმა გამოიწვია.

„სამი-ოთხი დღე დაგვჭირდა იმის გასარკვევად, თუ სად შეგვეძლო დაფრენა; იქ დაფრენა ბევრად უფრო მოხერხებული იქნებოდა, ვიდრე დამატებითი მრავალი საათის განმავლობაში ფრენა. ასე რომ, ჩვენ ძალიან გაკვირვებულები ვართ. ეს არ არის უინსტონ ჩერჩილი, ვისთანაც საქმე გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.