ტრამპი აცხადებს, რომ „აქამდე არნახულ ძალას“ გამოიყენებს, თუ ირანი აშშ-ს ან ისრაელს დაარტყამს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის საპასუხო დარტყმების შემთხვევაში, ვაშინგტონი თეირანს აქამდე „არნახული ძალით“ უპასუხებს.

„ირანმა ახლახან განაცხადა, რომ დღეს ძალიან ძლიერად დაარტყამს, უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე. თუმცა, ჯობია ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ამას იზამენ, ჩვენ მათ აქამდე არნახული ძალით დავარტყამთ“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

მისი ეს განცხადება მოჰყვა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გაფრთხილებას, რომ ისინი თავს დაესხმებოდნენ აშშ-ის ბაზებსა და ისრაელს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის გამო შურისძიების მიზნით.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი შეტევითი ოპერაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამერიკული ტერორისტული ბაზების მიმართულებით სულ რამდენიმე წუთში დაიწყება“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.

აშშ-მა და ისრაელმა ირანს გუშინ დაარტყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.