თოჯინაზე „დაქორწინებული“ ქალი ამბობს, რომ მეოთხე ბავშვს ელოდება - მან სქესის გაგების უჩვეულო ცერემონიაც ჩაატარა

თოჯინაზე დაქორწინებული

ბრაზილიაში მცხოვრებმა მეირვონე როჩა მორაესმა განაცხადა, რომ მალე მას და მის ქმარს, ნაჭრის თოჯინას მეოთხე „ბავშვი“ შეეძინებათ. ამის შესახებ წერს გამოცემა Need To Know.

39 წლის მეირვონეს თქმით, იგი მეუღლისგან, თოჯინა მარსელოსგან, უკვე მეოთხედ ელოდება შვილს. მისი თქმით, „ბავშვი“ 18–20 დეკემბერს უნდა „დაიბადოს“. ქალმა უკვე მოასწრო სქესის გამოცნობის ცერემონიის გამართვაც.

როგორც წესი, წყვილები ბავშვის სქესის გასაგებად სხვადასხვა უჩვეულო ხერხს ირჩევენ,  ჭრიან ტორტს, ან ფერად კვამლს უშვებენ. ფერი კი მიუთითებს სქესზე: ლურჯი - ბიჭი, ვარდისფერი - გოგოა. მეირვონე კიდევ უფრო შორს წავიდა და წვეულება ტუალეტში მოაწყო. ერთი ხელით თოჯინა მარსელო ჩახუტებული ჰყავდა, მეორით კი ჩამრეცხის ღილაკს დააჭირა, უნიტაზში წყალი ლურჯად შეიღება. ეს ნიშნავდა, რომ მეირვონეს და მარსელოს ბიჭი ეყოლებოდათ.

ქალი ამტკიცებს, რომ მათ უკვე ჰყავთ სამი „შვილი“ - ვაჟი მარსელინიო და ტყუპები მარსელა და ემილია. ისინი, ისევე როგორც მეოთხე „ბავშვი“, ნაჭრის თოჯინები არიან. „მარსელო და მე ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ახლა ორი გოგო და ორი ბიჭი გვეყოლება“, - აღიარა მეირვონემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს „ბავშვი“ მათთვის ბოლო იქნება.