საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
ზღვის წყალმცენარეების ნივთიერებები თირკმელებს ცხიმიანი რაციონით განპირობებული დაზიანებისგან იცავს.
ალგინატის ოლიგოსაქარიდები - ზღვის წყალმცენარეებისგან მიღებული ნივთიერებები - შესაძლოა, ეფექტურად იცავდეს თირკმელებს სიმსუქნესთან და რაციონში ჭარბ ცხიმთან დაკავშირებული დაზიანებისგან. ეს დასკვნა ჩინელმა მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული კვლევის დროს გააკეთეს, რომლის შედეგებიც ჟურნალ Frontiers in Nutrition-ში გამოქვეყნდა.
ექსპერიმენტის ფარგლებში ცხოველებს მაღალცხიმიანი საკვებით კვებავდნენ, რამაც მათში მეტაბოლური დარღვევები და თირკმლის ფუნქციის გაუარესება გამოიწვია. თუმცა, ალგინატის ოლიგოსაქარიდებით მკურნალობის შემდეგ, თაგვებს სისხლში მნიშვნელოვნად დაუქვეითდათ კრეატინინისა და შარდოვანას დონე, შეცირდა ცხიმის დაგროვება თირკმელებში, აგრეთვე - ანთებითი პროცესები და ჟანგვითი სტრესი.
ნაწლავ-თირკმლის ღერძის როლი
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ დამცავი ეფექტის მექანიზმი, სავარაუდოდ, ნაწლავებთან არის დაკავშირებული. ალგინატის ოლიგოსაქარიდებით დამუშავებული თაგვებიდან წვრილი ნაწლავის შიგთავსის სხვა ცხოველებზე გადატანამ ასევე ნაწილობრივ გააუმჯობესა თირკმლის ჯანმრთელობა. ამავდროულად, შეიცვალა მათი ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობა და ლიპიდური მეტაბოლიზმის ზოგიერთი ძირითადი პარამეტრიც მოწესრიგდა.
ავტორების მოსაზრებით, ზღვის წყალმცენარეებში შემავალი ნივთიერებები აქტიურ ზემოქმედებას ახდენს ე.წ. „ნაწლავ-თირკმლის ღერძზე“ და სწორედ ამ გზით ამცირებს სიმსუქნისა და არასწორი კვების მავნე შედეგებს თირკმლის ქსოვილზე.