ტიერი ბრეტონმა ევროკავშირს მოუწოდა, „უაღრესი სიმკაცრით“ უპასუხოს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მისი და ოთხი სხვა ევროპელის დასანქცირების შესახებ

Politico: ფრანგი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი გადადგა და დაწერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობა „კითხვის ნიშნებს აჩენს“

ყოფილმა ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა ევროკავშირს მოუწოდა, „უაღრესი სიმკაცრით“ უპასუხოს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მისი და ოთხი სხვა ევროპელის დასანქცირების შესახებ, რაც მათ მიერ ონლაინ კონტენტის მოდერაციაზე გაწეულ საქმიანობას უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„თუ ჩვენ შევეგუებით იმას, რომ ევროკომისარი შეიძლება განიდევნოს, დადანაშაულდეს და დაისაჯოს მისთვის მინდობილი მანდატის შესრულების გამო, მაშინ ჩვენ საგანგებოდ სახიფათო გზას ვადგავართ“, - განაცხადა ბრეტონმა.

„თუ ჩვენ ამ სიტუაციის გაგრძელებას დავუშვებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩემი მემკვიდრეები, რომლებსაც ევროპული მანდატის განხორციელება მოუწევთ, დაშინებულნი იქნებიან და ხელი შეეშლებათ თავიანთი მოვალეობის შესრულებაში. ევროკომისიამ სისუსტის არავითარი ნიშანი არ უნდა გამოავლინოს... ევროპულმა ინსტიტუტებმა უაღრესი სიმკაცრით უნდა უპასუხონ“, - აღნიშნა ყოფილმა ევროკომისარმა.