შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
რუსეთი ირანს ამერიკულ ბაზებზე იერიშების მისატანად სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის. ინფორმაციას The Washington Post-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთი ირანს აწვდის ინფორმაციას, თუ სად არის განლაგებული ამერიკული ბაზები და თვითმფრინავები ახლო აღმოსავლეთში.
The Washington Post-ის ცნობით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ის კიდევ ერთი მსხვილი მოწინააღმდეგე, კერძოდ, რუსეთი ირიბად მონაწილეობს კონფლიქტში.
დახმარება, რომლის შესახებაც ადრე ცნობილი არ იყო, ადასტურებს, რომ სწრაფად მზარდ კონფლიქტში ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ბირთვული მოწინააღმდეგე მონაწილეობს, რომელსაც მნიშვნელოვანი სადაზვერვო შესაძლებლობები აქვს.
როგორც გამოცემას სამი ანონიმური მაღალჩინოსანი უყვება, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა ირანს ამერიკული სამხედრო ობიექტების განლაგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„როგორც ჩანს, ეს საკმაოდ ყოვლისმომცველი ძალისხმევაა“, - ციტირებს The Washington Post-ი ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
რა მასშტაბის დახმარებას უწევს რუსეთი თეირანს ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა, როგორც ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, ირანელი ჯარისკაცების შესაძლებლობა აღმოაჩინონ ამერიკული ძალები ომის დაწყების შემდეგ შემცირდა.
The Washington Post-ის ინფორმაციით, გასულ კვირას ქუვეითში ირანმა უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა ერთ-ერთ ამერიკულ ბაზაზე, რის შედეგადაც ექვსი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. ირანმა ათასობით დრონი და ასობით რაკეტა გაუშვა ამერიკული პოზიციების, საელჩოებისა და სამოქალაქო პირების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ერთობლივად 2000-ზე მეტი ირანული სამიზნე გაანადგურეს.