The New York Times: პენტაგონმა ირანთან ომში აშშ-ის სამხედროების დაშავების ათობით ფაქტი დამალა

Alex Kent

იმ კვირაში, რომელიც წინ უძღოდა პარასკევს იორდანიაში განხორციელებულ ირანულ თავდასხმას - რასაც ორი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხოლო ერთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად ითვლება - ირანმა ქვეყანაში აშშ-ის ძალების წინააღმდეგ კიდევ სამი დარტყმა მიიტანა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times სტატიაში სათაურით „პენტაგონმა ირანთან ომში აშშ-ის სამხედროების დაშავების ათობით ფაქტი დამალა“.

რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, რომლებმაც სავალდებულო ანონიმურობის პირობით ოპერატიულ საკითხებზე ისაუბრეს, ამ თავდასხმების შედეგად აშშ-ის ათობით სამხედრო მოსამსახურე დაშავდა და რამდენიმე ვერტმფრენი დაზიანდა.

თუმცა პენტაგონს არც წინა დარტყმები გაუსაჯაროებია და არც ის მსხვერპლი და ზარალი, რომელიც მათ მოჰყვა.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გასულ კვირას ირანულ სამხედრო ობიექტებზე მიტანილი საჰაერო დარტყმების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნა, რომ ეს იყო პასუხი ჰორმუზის სრუტეში გამავალი კომერციული გემების წინააღმდეგ ირანის თავდასხმებზე, თუმცა არასდროს უხსენებია ირანის დარტყმები რეგიონში არსებულ ბაზებზე, მათ შორის იორდანიაში.

როგორც აშშ-ის ოფიციალურმა სამხედრო პირმა განაცხადა, ცენტრალური სარდლობა ვალდებული არ არის, ინფორმაცია გაავრცელოს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ისინი სწრაფადვე უბრუნდებიან მოვალეობის შესრულებას.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ტრამპის ადმინისტრაციამ დამალა, თუ როგორ გამოფიტა ირანთან ომმა აშშ-ის კრიტიკული და ძვირადღირებული შეიარაღების მარაგი და როგორ შეინარჩუნა და აღადგინა ირანმა სარაკეტო პოტენციალი.

ომში ამერიკელი სამხედროების დაღუპვის საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა. პარასკევს იორდანიაში ორი ამერიკელი ჯარისკაცისა და ჩრდილოეთ ერაყში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვამ იმ ამერიკელი სამხედროების საერთო რაოდენობა, რომლებიც 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების დაწყების შემდეგ დაიღუპნენ, 17-მდე გაზარდა.