თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპი დაინტერესებულია, არაბულ ქვეყნებს ირანის ომის ხარჯების დაფარვა მოსთხოვოს

კეროლაინ ლევიტი

 აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაინტერესებულია, არაბულ ქვეყნებს ირანის ომის ხარჯების დაფარვა მოსთხოვოს - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მან ასევე დასძინა, რომ თეირანთან მოლაპარაკებები კონფლიქტის დასასრულებლად წარმატებით მიმდინარეობს.

ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე - აპირებენ თუ არა არაბული ქვეყნები ჩართვას ომის ხარჯების დასაფარად - ლევიტმა უპასუხა, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებდა პრეზიდენტის ნაცვლად, თუმცა აღნიშნა, რომ ტრამპს ასეთი იდეა ნამდვილად აქვს.

„ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომლის განხორციელებისკენ მოწოდებითაც პრეზიდენტი საკმაოდ დაინტერესებულია“, - განაცხადა ლევიტმა. „ვიცი, რომ მას აქვს ეს იდეა და ვფიქრობ, ამის შესახებ მისგან უფრო მეტს მოისმენთ“.

ლევიტის თქმით, ის, რასაც თეირანი საჯაროდ აცხადებს, განსხვავდება იმისგან, რასაც ირანული მხარე აშშ-ის ოფიციალურ პირებს პირად საუბრებში ეუბნება და ირანი პირად შეხვედრებზე ვაშინგტონის ზოგიერთ პუნქტს დაეთანხმა.

„მიუხედავად რეჟიმის მხრიდან საჯარო პოზირებისა და ცრუ ინფორმაციისა, მოლაპარაკებები გრძელდება და კარგად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ის, რაც საჯაროდ ითქმება, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც პირად კომუნიკაციაში გვეუბნებიან“, - აღნიშნა ლევიტმა.