თეთრი სახლი 29 სექტემბერს ნეთანიაჰუს უმასპინძლებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 29 სექტემბერს, თეთრ სახლში შეხვედრაზე მიიწვია. ამავდროულად, ნეთანიაჰუმ ჰამასი გააფრთხილა და მოუწოდა, რომ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას მძევლები არ დააზიანონ

შეხვედრა გაეროს გენერალურ ასამბლეაში ნეთანიაჰუს დაგეგმილი გამოსვლიდან მესამე დღეს გაიმართება.

ნეთანიაჰუს თქმით, ტრამპმა თეთრ სახლში 15 სექტემბერს სატელეფონო საუბრის დროს დაპატიჟა. მანვე დაამატა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან “კარგი” სატელეფონო საუბარი მანამდეც არაერთხელ ჰქონია, მას შემდეგ, რაც ისრაელმა 9 სექტემბერს კატარში ჰამასის ლიდერებზე მიიტანა იერიში.

ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ ეს უკვე მეოთხე შეხვედრა იქნება ისრაელის ლიდერთან.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კატარში ვიზიტისას ისრაელისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და დოჰაში ჰამასის ლიდერებზე იერიშის გამო არ გაუკრიტიკებია. მისი თქმით, ჰამასისთვის საუკეთესო გამოსავალი დანებებაა, მაგრამ არც მოკლე სამხედრო ოპერაციის საჭიროებას გამორიცხავს.

კატარში ისრაელის იერიშმა ჰამასის ხუთი წევრი იმსხვერპლა, რომლებსაც ტერორისტულ დაჯგუფებაში მაღალი თანამდებობები არ ეკავათ.  მსხვერპლებს შორის იყო კატარის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელიც. მომხდართან დაკავშირებით არაბული ქვეყნების მთავრობებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და 15 სექტემბერს საგანგებო შეხვედრა გამართეს.

 

ტრამპის განცხადებით, მას მოსალოდნელ თავდასხმაზე ინფორმაცია არ ჰქონდა, ნათანიაჰუმ Axios-თან ინტერვიუში კი თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს შეტევამდე 50 წუთით ადრე აცნობა.

როგორც ნეთანიაჰუ ინტერვიუში ამბობს, მისთვის ამ დრომდე პრიორიტეტულ პრობლემად რჩება მძევლების უსაფრთხოების საკითხი, რაზეც უკვე ყურადღება გაამახვილა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას. პრემიერმინისტრმა დაამატა, რომ მათი ინფორმაციით ჰამასი მძევლებს ცოცხალ ფარად იყენებს, რაც ტრამპისთვისაც “შემაშფოთებელია”.