1750402427
სურს თუ არა ომში მონაწილეობა, ეს ტრამპის გადასაწყვეტია, ის გააკეთებს იმას, რაც საუკეთესოა შტატებისთვის, მე გავაკეთებ იმას, რაც საუკეთესოა ისრაელისთვის - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის სამხედრო ძალების სპეცოპერაცია "აღმავალი ლომი" ირანში გრძელდება. "ცაჰალმა", თეირანში, ისლამური რესპუბლიკის სპეციალური ოპერაციების ბაზას შეუტია. აფეთქებები იყო დედაქალაქში, მათ შორის საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ ბუნკერთანაც, სადაც აიათოლა ალი ხამენეი იმყოფება.
საპასუხო შეტევებს ახორციელებს ირანიც, ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში, დაშავდა 6 ადგილობრივი. რამდენიმე ქალაქში კვლავ განგაშის სიგნალი ჩაირთო. მოქალაქეები თავშესაფრებში იმყოფებიან. აქტიურად მუშაობს რკინის გუმბათი.
აფეთქებების პარალელურად, ისრაელის მედია იტყობინება, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ, შეხვედრის თხოვნით, ევროპელ კოლეგებს მიმართა. აბბას არაღჩიმ, მოლაპარაკების სურვილთან ერთად, მუქარაც გააჟღერა - თუკი იერიშები გაგრძელდება, თეირანი ბირთვული პროგრამის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას დატოვებს.
თეირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან ვაშინგტონიდან. თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მომდევნო ორ კვირაში გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა ამერიკა სპეც-ოპერაციაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ბირთვული პროგრამის შეჩერება და მისი, როგორც საფრთხის, აღმოფხვრაა.
"ჩვენი მთავარი მიზანია ბირთვული პროგრამის შეჩერება და მისი, როგორც საფრთხის, აღმოფხვრა. მეორე მიზანია ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარების შეჩერება, ასევე მისი, როგორც საფრთხის აღმოფხვრა. ამ პროცესში ცხადია, რომ რეჟიმი დესტაბილიზაციას განიცდის - ვუტევთ მთავრობასთან დაკავშირებულ სამიზნეებსა და ძალაუფლების ცენტრებს. ეს ნახეთ მაუწყებლობის ცენტრის შემთხვევაში და კიდევ ბევრი რამ გველოდება წინ. თუმცა, რეჟიმის შეცვლის საკითხი, პირველ რიგში, ირანელ ხალხზეა დამოკიდებული - ეს შეიძლება იყოს შედეგი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ოპერაციის აშკარა მიზანი. სურს თუ არა ომში მონაწილეობა, ეს ტრამპის გადასაწყვეტია, ის გააკეთებს იმას, რაც საუკეთესოა შეერთებული შტატებისთვის და მე გავაკეთებ იმას, რაც საუკეთესოა ისრაელისთვის", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.