სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განხორციელდა

სუდანი

ამერიკელმა სამხედროებმა ამერიკელი დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია განახორციელეს. ამის შესახებ სუდანის გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელობამ განაცხადა. მათივე ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატების ევაკუაციისთვის 6 თვითმფრინავი გამოიყენეს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც დაადასტურეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სუდანის არმია და „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათიან ზავზე შეთანხმდნენ. ერთკვირიან დაპირისპირებას სუდანში უკვე ემსხვერპლა 400-ზე მეტი ადამიანი, 3500-ზე მეტი კი დაიჭრა.