სტამბოლის სანაპიროსთან თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ორი კომერციული გემი ერთმანეთს შეეჯახა, ინციდენტის შედეგად ერთ-ერთ გემთან კავშირი დაკარგულია

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ორი კომერციული გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლის სანაპიროსთან თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ორი კომერციული გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ერთ-ერთ გემთან კავშირი დაკარგულია, ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორის ოფისი იუწყება.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:00 საათზე, სტამბოლის სილივრის რაიონთან ახლოს მოხდა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის სანაპირო დაცვის გემები და ვერტმფრენები გაიგზავნა.

გუბერნატორის ოფისის ინფორმაციით, ამ დრომდე ვერ მოხერხდა გემ Tugberk Imamoglu-სთან დაკავშირება, რომელზეც ათი ადამიანი იმყოფება.

სტამბოლის გუბერნატორის ოფისის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.