"სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა 12 მაისიდან, სულ მცირე 30 დღე" - საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა

ლიდერები

კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან უნდა გამოცხადდეს „სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში“.

„უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, თავისი განმარტებით, არ შეიძლება, დაექვემდებაროს რაიმე პირობებს. რუსეთი ასეთ პირობებს თუ აყენებს, ეს შეიძლება, მხოლოდ ომის გახანგრძლივებისა და დიპლომატიის ძირგამომთხრელ მცდელობად ჩაითვალოს“, – აცხადებენ ევროპელი ლიდერები.

დასავლელი ლიდერების თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს ყოვლისმომცველი – ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საჭიროა ეფექტური მონიტორინგი, რომელიც წარმატებით განხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით.

ევროპული ქვეყნების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა გაგრძელდეს, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში დიპლომატიური სივრცის შესაქმნელად. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპელი ლიდერები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერენ როგორც ევროპა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები.

განცხადებაში ხაზგასმულია უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერების გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტია.

„რუსეთი თუ უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, მის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებზე უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს, რომლებიც მიმართული იქნება წიაღისეულ საწვავზე, ნავთობსა და ჩრდილოვან ფლოტზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერები შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტის მიღებაზე და მის კოორდინაციაზე გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებთან. ლიდერებმა გამოხატეს მზადყოფნა, განაგრძონ მუშაობა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით და განიხილონ ეს საკითხი „დიდი შვიდეულის“ მომდევნო სამიტზე.