სომხეთის სასამართლომ, ტიკ-ტოკზე ნიკოლ ფაშინიანის შეურაცხყოფის გამო, ერთ პირს შინაპატიმრობა შეუფარდა - მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

აიკ ეგიანი

 Armenia Today-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელ "ტიკ-ტოკის" მომხმარებელი აიკ ეგიანი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. ამის შესახებ ადვოკატმა რომან ერიციანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ტიკტოკერს ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნის დატოვების აკრძალვაც შეუფარდეს.

ეგიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 297-ე მუხლის მე-2 ნაწილის 3-ე პუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი საინფორმაციო ან საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის დააკავეს. ადვოკატის შეფასებით, ეგიანი პოლიტპატიმარია, რადგან მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა ფაშინიანის მისამართით გაკეთებული ვულგარული და უხეში განცხადებების გამო დაიწყო.