სლოვაკეთი 2028 წლიდან რუსული გაზის მიწოდების შეჩერების გეგმების გამო ევროკავშირის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას განიხილავს - რობერტ ფიცო

რობერტ ფიცო

სლოვაკეთი 2028 წლიდან რუსული გაზის მიწოდების შეჩერების გეგმების გამო ევროკავშირის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას განიხილავს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

მისი თქმით, სლოვაკეთის მთავრობა მომავალ კვირას განიხილავს სარჩელის შეტანის შესაძლებლობას.

„ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეასრულებს ევროკომისია სლოვაკეთის მიმართ თავის ვალდებულებებს, რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტმა მისცა და ხელი მოაწერა. ასევე, მინდა, გავიმეორო, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკამ ხმა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა, რომელიც ეხება გაზის ნაკადის შეჩერებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელსაც სხვა შემთხვევაში ერთსულოვნება უნდა სჭირდებოდეს, მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მიერ იყო მიღებული და არღვევს ევროკავშირის რამდენიმე ძირითად რეგულაციას“, – განაცხადა ფიცომ.

როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა ასევე განიხილავს ევროკომისიის მიერ გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წარმოდგენილ წინადადებებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ 140 მილიარდ ევროზე, რომლის პირდაპირი მნიშვნელობით გადაცემაც ევროკომისიას სურს უკრაინისთვის, რაც უამრავ იურიდიულ კითხვას, უამრავ გაურკვევლობას იწვევს. უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე, და ეს არაერთხელ მითქვამს, მე არ ვარ მომხრე რაიმე ფინანსური ან იურიდიული მექანიზმისა, რომელიც გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას გამოიწვევს“, – განაცხადა ფიცომ.