1765208520
სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზოგიერთი დეტალის მიმართ, რომელიც ამერიკული მხარის დოკუმენტებში ვიხილეთ, ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ - ფრიდრიხ მერცი
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, ის სკეპტიკურად არის განწყობილი ამერიკული მხარის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებში ზოგიერთ დეტალებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ლონდონში ვიზიტისას განაცხადა, სადაც დაუნინგ სთრითზე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარემერთან ერთად უკრაინის ლიდერს ხვდება.
„სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზოგიერთი დეტალის მიმართ, რომელიც ამერიკული მხარისგან მიღებულ დოკუმენტებში ვიხილეთ, მაგრამ ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ. სწორედ ამიტომ ვართ აქ“, – განაცხადა მერცმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერის, კირ სტარემერის განცხადებით, ევროპა უკრაინის გვერდით დგას.
„თუ იქნება ცეცხლის შეწყვეტა, საჭიროა, რომ ის იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დავსახოთ პრინციპები. ჩვენ აქ ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად კონფლიქტსა და მოლაპარაკებებში“, – აღნიშნა სტარმერმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპას, უკრაინასა და აშშ-ს შორის ერთიანობა მნიშვნელოვანია რუსეთთან მოლაპარაკებების დროს.
„არის საკითხები, რომლების გადაჭრაც ამერიკელების გარეშე არ შეგვიძლია; არის საკითხები, რომელთაც ევროპის გარეშე ვერ მოვაგვარებთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი აცხადებს, რომ ევროპას ხელთ მრავალი კოზირი აქვს.
„ფაქტია, რომ უკრაინელები წინააღმდეგობას სწევენ ამ ომში, – აღნიშნა მაკრონმა და დასძინა, – რუსეთის ეკონომიკა ზიანდება განსაკუთრებით ჩვენი და ბოლოდროინდელი ამერიკული სანქციებისგან“.










