შვიდი ომი დავასრულე და არასდროს მიმიღია ზარი გაეროდან დახმარების შემოთავაზებით – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

მე დავასრულე შვიდი ომი, ურთიერთობა მქონდა თითოეული ამ ქვეყნის ლიდერთან და არასდროს მიმიღია სატელეფონო ზარი გაერო-დან შეთანხმების დასრულებაში დახმარების შეთავაზებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, ძალიან ცუდია, რომ ამის კეთება გაერო-ს ნაცვლად მოუწია.

„მხოლოდ შვიდი თვის პერიოდში მე დავასრულე შვიდი დაუსრულებელი ომი. მეუბნებოდნენ, რომ მათი დასრულება შეუძლებელი იყო – შენ ვერასდროს მოაგვარებ მათ. ზოგიერთი 31 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, წარმოიდგინეთ -31 წელი, ერთ-ერთი 36 წელი, ერთი კი – 28 წელი. მე დავასრულე შვიდი ომი და ყველა მათგანი მძვინვარებდა უამრავი ათასი ადამიანის მსხვერპლით. ესენია კამბოჯას და ტაილანდს შორის, კოსოვოსა და სერბეთს შორის, კონგოსა და რუანდას შორის, რომელიც იყო სასტიკი ომი, პაკისტანს და ინდოეთს შორის, ისრაელსა და ირანს შორის, ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. არცერთ პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს, არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია ოდესმე რამე მსგავსი და მე ეს მხოლოდ შვიდ თვეში გავაკეთე. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ჩემთვის პატივია ამის გაკეთება. ძალიან ცუდია, რომ ამის კეთება გაერო-ს ნაცვლად მომიწია. და სამწუხაროა, რომ ყველა ამ შემთხვევაში გაერო-ს არც კი უცდია დახმარება. მე დავასრულე შვიდი ომი, ურთიერთობა მქონდა თითოეული ამ ქვეყნის ლიდერთან და არასდროს მიმიღია სატელეფონო ზარი გაერო-დან შეთანხმების დასრულებაში დახმარების შეთავაზებით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დაწყებისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ტელესუფლიორი მწყობრიდან გამოვიდა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის დარბაზში ასვლისას გაფუჭდა ესკალატორი. როგორც ტრამპმა განაცხადა, ის, რაც გაერო-სგან დახმარების ნაცვლად მიიღო, იყო ცუდი ესკალატორი და ცუდი სუფლიორი.

„ის, რაც გაერო-სგან მივიღე, იყო ესკალატორი, რომელიც ამოსვლისას შუა გზაში გაჩერდა. პირველი ლედი შესანიშნავ ფორმაში რომ არ ყოფილიყო, ის წაიქცეოდა, თუმცა ის შესანიშნავ ფორმაშია. ჩვენ ორივე კარგ ფორმაში ვართ. ასევე, ტელესუფლიორი, რომელიც არ მუშაობდა – ეს ორი რამ მივიღე გაერო-სგან. ცუდი ესკალატორი და ცუდი სუფლიორი. დიდი მადლობა. ახლა ის ამუშავდა. მადლობა“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაერო არ იყო ჩართული მის მიერ ჩამოთვლილი კონფლიქტების დასრულების პროცესში.

„რა არის გაერო-ს მიზანი? გაეროს აქვს ასეთი უზარმაზარი პოტენციალი. ყოველთვის ვამბობდი, რომ მას აქვს ასეთი დიდი პოტენციალი და ახლოსაც არ არის მის გამოყენებასთან. დიდწილად, ყოველ შემთხვევაში, ახლა როგორც ჩანს, რასაც ისინი აკეთებენ, არის მხოლოდ ძლიერი სიტყვების შემცველი წერილების წერა და შემდეგ ამ სიტყვების არშესრულება. ეს არის ცარიელი სიტყვები, ხოლო ცარიელი სიტყვები ომებს არ აგვარებს. ერთადერთი, რაც აგვარებს ომებს, არის მოქმედება. ახლა ყველა ამ ომის დასრულებისა და მანამდე აბრაამის შეთანხმებების გაფორმების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას არანაირი დაფასება არ მიუღია. ყველა ამბობს, რომ მე მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უნდა მივიღო თითოეული ამ მიღწევისთვის, თუმცა ჩემთვის ნამდვილი ჯილდო იქნებიან ის ბავშვები, რომლებიც გადარჩებიან და გაიზრდებიან დედებთან და მამებთან, რადგან მილიონობით ადამიანი აღარ დაიხოცება დაუსრულებელ ომებში. ის, რაც მადარდებს, არის არა ჯილდოების მიღება, არამედ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინეთ ამ შვიდი ომის დასრულებით და არის სხვები, რომლებზეც ვმუშაობთ და თქვენ ეს იცით“, – განაცხადა ტრამპმა.