შალვა პაპუაშვილი: სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, რეგიონის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ექნება რეგიონის პარლამენტების თავმჯდომარეებთან.

პაპუაშვილის თქმით, მათ შორის შეხვედრას გამართავს სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, რომლებთანაც რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

„რა თქმა უნდა, შეხვედრები იქნება რეგიონის პარლამენტების თავმჯდომარეებთან. დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებს შევხვდები და ვისაუბრებთ რეგიონის მნიშვნელობაზე იმ საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, რასაც დიდ რეგიონში ვხედავთ. ის, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება მოხდა, წინ მიდის ორმხრივი ურთიერთობები, იმედს გვაძლევს, რომ ჩვენი რეგიონი, რომელიც არის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, სტაბილურად მომავალშიც შეასრულებს თავის ფუნქციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში ვიზიტით გუშინ გაემგზავრა. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.