1788370800
სერგეი ლავროვი - რუსეთი ევროპას სანქციების მოხსნას არ შეეხვეწება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ევროპას არ შეეხვეწება, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს.
„ევროპამ გადაწყვიტა, რომ წინა წლებში ჩვენი თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ გავიქცევით და შევეხვეწებით: „კარგით, კარგით, გვაპატიეთ, დაივიწყეთ ის, რაც იყო, დავუბრუნდეთ ძველ ურთიერთობას, გააუქმეთ სანქციები“. ასეთი რამ არ იქნება. ეს საერთოდ არ არის ჩვენი ხალხის გენეტიკაში. ჩვენ გვაქვს საკუთარი ღირსება“, - აღნიშნა ლავროვმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დასავლეთს უკრაინის კონფლიქტის გაყინვით რუსეთის საზღვრებზე საფრთხის შენარჩუნება სურს.
„მათ არ სურთ კონფლიქტის, მოგვარება, მათ სურთ მისი გაყინვა, ჩვენს საზღვრებზე საფრთხის შენარჩუნება“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, დასავლეთი ამჟამად განიხილავს გეგმებს ფრონტის ხაზზე საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე „სტაბილიზაციის ძალების“ განლაგების შესახებ.
„მაგრამ ეს ერთ რამეს ნიშნავს: მათ სურთ შეინარჩუნონ ნაცისტური რეჟიმი, რომელმაც რუსული ენა ყველა სფეროში აკრძალა. მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყანა, სადაც ენა აკრძალულია. მითუმეტეს ენა, რომელიც გაეროს ოფიციალური ენაა“, - აღნიშნა ლავროვმა.










