1746007492
სერბეთში არჩევნებს აპროტესტებენ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა

ბელგრადის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა სერბეთში გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების გასაპროტესტებლად, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ბელგრადის მერიაში შეჭრას შეეცადნენ, სადაც საარჩევნო კომისიაა განთავსებული. მათ დააზიანეს შენობის ინფრასტრუქტურა. „როიტერის“ ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
შეგახსენებთ, სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგად, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულმა პარტიამ“ გაიმარჯვა, რომელსაც ამომრჩეველთა 46,72%-ი მიემხრო. მემარცხენე ცენტრისტული ოპოზიციის ალიანსი სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ მეორე ადგილზეა ხმების 23,56%-ით, ხოლო მესამე ადგილზეა სერბეთის სოციალისტური პარტია 6,56%-ით. არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი რაინგოლდ ლოპატკა, რომელმაც განაცხადა, რომ სერბეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას არასამართლიანი უპირატესობა ჰქონდა. ოპოზიცია კი 17 დეკემბერს ჩატარებული ვადამდელი არჩევნების გაუქმებას ითხოვდა.