სამხრეთ აფრიკაში, მოზამბიკსა და ზიმბაბვეში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

წყალდიდობა

სამხრეთ აფრიკაში, მოზამბიკსა და ზიმბაბვეში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, მეტეოროლოგების პროგნოზით, აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მომდევნო დღეებში სტიქიის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

მსოფლიო სურსათის პროგრამის ცნობით, ცენტრალურ და სამხრეთ მოზამბიკში 200 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ათასობით სახლი დაზიანდა და ევაკუაცია ათიათასობით ადამიანს ესაჭიროება.

ზიმბაბვეს ოფიციალური პირების განცხადებით, წყალდიდობის შედეგად მიმდინარე წელს ქვეყანაში, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა, 1 000-ზე მეტი სახლი კი, განადგურდა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ორ ჩრდილოეთ პროვინციაში, ლიმპოპოსა და მპუმალანგაში, გასულ თვეში დაწყებული ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, წყალდიდობამ ასევე მოიცვა კუნძულოვანი სახელმწიფო მადაგასკარი, მალავი და ზამბია. მადაგასკარის ხელისუფლების ცნობით, ნოემბრის ბოლოდან წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.