ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
სახელმწიფო ბრალმდებელი ამტკიცებს, რომ 22 წლის ტაილორ რობინსონმა კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, სიძულვილის მოტივით მოკლა. საქმის პროკურორი ბრალდებულის სიკვდილით დასჯას ითხოვს.
ტაილორ რობინსონი პროცესზე არ მოიყვანეს. ბრალდებული იუტას ციხიდან დისტანციურად ჩაერთო. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სუიციდის თავიდან არიდების მიზნით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას სპეციალური ჟილეტი ჩააცვეს.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ტაილორ რობინსონის სიკვდილით დასჯის მოთხოვნის გადაწყვეტილება კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო. საკითხზე საგანგებო ბრიფინგზე იუტას შტატის მთავარმა პროკურორმა ისაუბრა. თქვა, რომ საქმეში დევს პირადი მიმოწერა, რომელსაც ბრალდებული თავის პარტნიორთან აწარმოებდა.
პროკურატურის ვერსიით, პარტნიორისთვის გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებებში, რობინსონი ადასტურებს, რომ მკვლელობის მიზეზი კონსერვატორი აქტივისტის მსოფლმხედველობითი შეხედულებები გახდა. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ადრესატს მიმოწერის წაშლისკენაც მოუწოდა. ირკვევა ისიც, რომ ეჭვმიტანილი დანაშაულს ერთი კვირის განმავლობაში ამზადებდა.
ჩარლი კირკის მკვლელობაში "მემარცხენე რადიკალებს" ადანაშაულებენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ადმინისტრაციის წამყვანი მაღალჩინოსნები.
კირკის მკვლელობის საქმეზე შეკითხვები სენატის იურიდიულ კომიტეტში FBI-ის დირექტორს დაუსვეს. სხდომაზე კეშ პატელს რესპუბლიკელმა სენატორმა, ტედ კრუზმა უთხრა, რომ კირკი პოლიტიკური შეხედულებების გამო მოკლეს, რასაც ბევრი მემარცხენე, დემოკრატი აქტივისტი ზეიმობდა. კრუზმა FBI-ის შეფს იმ სახსრების წარმომავლობის გამოძიებისკენ მოუწოდა, რომლითაც, მისი თქმით, საპროტესტო აქციები ფინანსდება.
31 წლის კონსერვატორი, აქტივისტი და დონალდ ტრამპის მოკავშირე, 10 სექტემბერს ზუსტი გასროლით იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე, იმ დროს მოკლეს როდესაც, ის ტრანსგენდერ ადამიანებს მასობრივი სროლების მოწყობაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ლგბტ იდეოლოგია საზოგადოებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. პოლიციის მტკიცებით, ბრალდებულისთვის მკვლელობის მოტივი, სწორედ ეს შეხედულებები გახდა.