საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო ათასზე მეტ სკოლაში სწავლა შეწყდა. დაკეტილია ეიფელის კოშკის ზედა ნაწილი

საფრანგეთი

საფრანგეთში სიცხის ახალ პიკს ელოდებიან, რის გამოც ქვეყნის 16 დეპარტამენტში საფრთხის წითელი დონე ამოქმედდა. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის კიდევ 68 დეპარტამენტში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა ამოქმედებული.

საფრანგეთის მეტეოროლოგიური სააგენტო ქვეყნის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დეპარტამენტებში, სადაც საფრთხის ნარინჯისფერი დონე მოქმედებს, ჰაერის ტემპერატურა 36-დან 39 გრადუსამდე მოიმატებს. დეპარტამენტებში, სადაც წითელი დონე მოქმედებს, ჰაერის ტემპერატურა 40-დან 41 გრადუსამდე აიწევს.

„ტემპერატურის კლება ნელ-ნელა ოთხშაბათიდან დაიწყება ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში, მაგრამ ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში მაღალი სიცხე შენარჩუნდება“, - ნათქვამია მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებაში.

მაღალი სიცხის გამო პარიზში ეიფელის კოშკის ზედა ნაწილი ოთხშაბათამდე ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება.

Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთის განათლების სამინისტრომ ორშაბათიდან 1350 სკოლა დახურა.