საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ლუიზიანას ყიდვა იყო შესაძლებელი, გრენლანდია არ იყიდება და მისი წაღება არ შეიძლება

ჟან-ნოელ ბარო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ გრენლანდიასა და დანიას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა. როგორც ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, დიდი ხანია, დასრულდა ეპოქა, როდესაც შესაძლებელი იყო სხვისი ტერიტორიის ყიდვა.

მინისტრმა მაგალითად მოიყვანა შტატი ლუიზიანა, რომელიც აშშ-მა 1803 წელს საფრანგეთისგან შეისყიდა.

„დიდი ხანია, გავიდა დრო, როდესაც შესაძლებელი იყო ლუიზიანას ყიდვა ან გაყიდვა. გრენლანდია არ იყიდება და მისი წაღება არ შეიძლება“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დანიას შეუძლია, ევროპული ქვეყნების სოლიდარობის იმედი ჰქონდეს.

7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი პარტნიორებთან ერთად მუშაობს გეგმაზე იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ გრენლანდიის დაკავების მუქარას შეასრულებს.