„თუ ეს სიმპტომი გაქვთ, სისხლის ანალიზი აიღეთ“ - ექიმი საზოგადოებას მიმართავს
1760464903
საფრანგეთის მთავრობა შეაჩერებს სადავო საპენსიო რეფორმას 2027 წელს დაგეგმილ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერმა, სებასტიან ლეკორნუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი მთავრობა მზადაა, გახსნას ახალი დებატები საფრანგეთის საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით.
ლეკორნუს თქმით, ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული კანონი, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, არჩევნების ჩატარებამდე დაპაუზდება.
როგორც „ფრანს 24“ წერს, ამ დათმობის სავარაუდო მიზანია, დაარწმუნონ მემარცხენე „სოციალისტური პარტიის“ წევრები, არ დაუჭირონ მხარი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას.
ამასთან, პარლამენტში გამოსვლისას, ლეკორნუმ განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის შეჩერება საფრანგეთს 2026 წელს 400 მილიონი ევრო, ხოლო 2027 წელს 1,8 მილიარდი ევრო დაუჯდება.
პრემიერი გამოდის ინიციატივით, ჩატარდეს კონფერენცია, სადაც განხილული იქნება შრომითი და საპენსიო საკითხები.
„კონფერენციას ექნება დრო, რომ მიაღწიოს გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე. კონფერენცია თუ მიაღწევს შეთანხმებას, მთავრობა ამ შეთანხმებას კანონად აქცევს და პარლამენტს გადაწვეტილებისთვის წარუდგენს“, – თქვა პრემიერმა.
2023 წლის დასაწყისში საფრანგეთში საპენსიო რეფორმის ინიცირებას მრავალკვირიანი, მასობრივი დემონსტრაციები და არეულობები მოჰყვა. ემანუელ მაკრონმა სადავო საპენსიო რეფორმა პარლამენტის გვერდის ავლით დაამტკიცა, რადგან საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების მომხრეთა საკმარისი რაოდენობა არ იყო.