რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 100-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა ან გაუვნებელყო, მუშაობა შეაფერხეს მოსკოვისა და სხვა ქალაქების აეროპორტებმა

უპილოტო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 100-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა ან გაუვნებელყო. მანამდე, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართულებით გაშვებული 19 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი აპარატის ნამტვრევები რუსეთის დედაქალაქში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რუსეთის რეგიონებზე დრონებით იერიშის გამო დროებით მუშაობა შეაფერხეს მოსკოვისა და სხვა ქალაქების აეროპორტებმა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 32 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდეს ბრიანსკის ოლქის თავზე, 22 – ვორონეჟის, ათი – პენზის. ასევე დრონები გაანადგურეს კალუგის, ბელგოროდის, ლიპეცკის, სამარის, კურსკის, როსტოვისა და ვლადიმირის ოლქებში.